„რით უნდა დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ნდობის მოპოვება, თუ არა – ბოდიშის მოხდით? ბოდიშის მოხდით – საკუთარი ხალხის მიმართ“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა  ბიძინა ივანიშვილის განცხადების – „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, – შეფასებისას.

 

„ოსებიც და აფხაზებიც, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი ხალხია, ვისთან ერთადაც ერთ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. ქართულმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა მშვიდობა ამ [ოკუპირებულ] ტერიტორიებზე, ვერ შეძლო ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეცდომებიც ბევრი დავუშვით, დანაშაულიც იყო ამ პროცესის დროს და ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც თავის თავში ამის ძალას იპოვის, მაგრამ, პირველ რიგში ეს იმან უნდა გააკეთოს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითაა დაინტერესებული.

და ვინ არის დაინტერესებული ამით? აფხაზები და ოსები ამბობენ – ჩვენ თქვენთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება არ გვინდაო. არც რომელიმე სხვა ქვეყანაა დაინტერესებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ერთადერთი, ვისაც ერთიანი საქართველო გვინდა და ამ დღის დადგომას შევნატრით, ვართ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომაც, სწორედ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აფხაზებსა და ოსებსაც იგივე ინტერესი გაუჩნდეთ. მათ უნდა დაიჯერონ, რომ სწორედ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მათი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება, სადაც მათი იდენტობის შენარჩუნება, მათი კულტურის განვითარება, მათი კეთილდღეობის ზრდა გარანტირებული იქნება, სადაც მათ უხარიათ ცხოვრება. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა და საზოგადოება. ამისთვის კი პირველი ნაბიჯი სწორედ ჩვენ უნდა გადავდგათ. ამდენი წლის განმავლობაში ვერავინ გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა და ეს გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.