ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
გასული წლის ბოლოს მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენბათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიე.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა.
ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, მით უმეტეს, ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს.
არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, რომ ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.
მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს – თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“.