“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსს ეხმაურება, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა მოამზადა და, რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვდა.
“მსოფლიოს 30 ყველაზე კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგში მყოფ საქართველოს ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები უპირებენ საკუთარი არასრულყოფილების გადაბრალებას და ჩვენს კეთილსინდისიერ სახელმწიფოში კეთილსინდისიერად ჩასატარებელ არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ. ამ პოლიტიკური “ტრანსგენდერიზმით”, თავდაყირა “სიმართლით” ჭეშმარიტების აღრევა შეუძლიათ, ნებისმიერ სხვა ადგილას სცადონ, საქართველოს გარდა. გავიზარდეთ, ჩამოვყალიბდით და მყარი პოლიტიკური იმუნიტეტი შევიძინეთ – კეთილსინდისიერებით აღსავსე, სხვათა შორის”, – წერს ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.