„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარის დანილო დელა ველეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ახალისებს ყველა აქტორს, იმუშაონ მშვიდობისთვის.

„ჩვენ კი იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ასეთი „ანტი-კუბილიუსების” ხმას ხშირად გავიგებთ. დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის.

ომის თუ ეკონომიკური კრიზისის გაღვივების აჩრდილი პირველ რიგში ევროპაზე ჩამოწვა, რაც არ უნდა “პირიქითა დაშინება” გვესმოდეს ბრიუსელიდან ჩვენს მისამართით. დიახ, ვიცავთ მშვიდობას და ვინარჩუნებთ სტაბილურობას – რამეთუ ომის ფასი ვიცით. ხოლო ამ ეტაპზე მილიონი დაღუპული სლავის გარშემო მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ღლიცინი ცინიზმისა და ნაძირალობის პიკია.

21-ე საუკუნეში მიწასთან გასწორებული უკრაინის დიდი ნაწილის აღდგენა და ოდესღაც ნოყიერი მიწის ნიადაგის თავის „რეპროდუქციულ” კონდიციამდე დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს. დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს” და ეს მისასალმებელია”, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.