სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „შინდისი“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო.
„საქართველოს მასშტაბით, 12 კომპანია იბარებს არასტანდარტულ ვაშლს 1 კგ-ს არანაკლებ 25 თეთრად, საიდანაც 10 თეთრი არის სახელმწიფოს სუბსიდია. პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ფერმერებმა შეძლონ შეუფერხებლად საკუთარი ვაშლის მოსავლის რეალიზაცია“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
შპს „შინდისი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, 4,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი უკვე გადაამუშავა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
მიმდინარე წლის სექტემბერიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.