“შენ როდესაც აშენებ ქვეყანას საპარლამენტო მოწყობის და საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში პრეცედენტი როცა ჩნდება, რომ ყველაზე აქტიური, ყველაზე შედეგიანი პარლამენტარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე გადადის ქვეყნის პირველ პირად სხვა ემოცია, სხვა მოლოდინი ჩნდება იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება, იმიტომ რომ ირაკლიმ ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს პარლამენტის როლი”, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჟურნალისტის კითხვას ირაკლი კობახიძის თაობაზე.
მდინარაძის თქმით, მთავრობის მეთაურის პოზიციიდან ირაკლი კობახიძისათვის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
„ჩვენ ხომ ბევრჯერ გვილაპარაკია ამაზე, ჩვენ ხომ ბევრი გვიმუშავია არა მხოლოდ კონსტიტუციაზე, კონსტიტუციიდან გამომდინარე კანონებზე, რეგლამენტზე, რეგლამენტში რამდენი ცვლილება შეგვიტანია, რამდენი დაგვინახავს მათ შორის მთავრობასთან ურთიერთობაში, ინტერპელაციის წესია, მინისტრის საათია და კიდევ უამრავი რამ, რაც ხშირ შემთხვევაში დისკუსიის საგანი ყოფილა. როგორ გაამართლა ერთმა, თუ მეორე ამ საკითხმა, საზედამხედველო მაკონტროლებელი ფუნქცია პარლამენტისა რომელში უფრო კარგად აისახა. ამ მსჯელობების და დისკუსიის ლიდერი და მოთავე ირაკლი იყო თავად და ჩვენ ხომ ამაზე პერმანენტული მუშაობა გვქონდა, სულ ამის დახვეწის პროცესში ვიყავით და შესაბამისად მთავრობის მეთაურის პოზიციიდან აი ამ როლის შესახებ ყველაზე კარგად მან იცის და ამ პოზიციიდან მე ვფიქრობ რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, რაც დემოკრატიის შედეგია, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და ამ შემთხვევაში რაც არ უნდა სუბიექტური იყოს, იქნება ორივე მიმართულებით – მთავრობის მეთაურიც, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და ეს არის სიახლე და კარგი პრეცედენტი საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში“,- აღნიშნა მდინარაძემ.