ქ. ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ახორციელებს.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა.

„მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტზე მუშაობა. 200 კმ ქსელიდან 150 კმ უკვე მოწყობილია. პროგრესია წყალარინების მიმართულებითაც, სადაც სამუშაოების 40% დასრულებულია. წყალარინების მიმართულებით კი სამუშაოები გაგრძელდება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, შიდა ქართლში პროექტები ხორციელდება 12 მდებარეობაზე. ჯამურად მათი ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტების განხორციელების შედეგად, ოთხივე მუნიციპალურ ცენტრს – კასპს, ქარელს, გორს და ხაშურს 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება ექნება.

არის უბნები და მონაკვეთები, სადაც ამორტიზებულ ქსელს ესაჭიროება შესაბამისი რეაბილიტაცია ან სხვა ტიპის სამუშაოები, რაც ასევე გეგმის შესაბამისად არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ქსელების გარდა, მიმდინარეობს მაგისტრალის, ასევე, სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც, რომელთა დასრულებაც ეტაპობრივად მოხდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების სამუშაოები. პირველი ფაზის ფარგლებში გაუმჯობესდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყალარინებისა და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქ.ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. გათვალისწინებულია 200კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები.
დამატებით მიმდინარეობს 30 მლნ ევროს ღირებულების სასესხო შეთანხმების პროცედურები, რათა ქ. ხაშურში სრულად მოეწყოს წყალარინების ქსელი, რაც 85 კმ ქსელის მშენებლობასა და 4000 მიერთებას გულისხმობს.

ამასთანავე, ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის პანელების მოწყობა, რაც შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს.

წყალმომარაგების ქსელის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის. ქ. ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 330 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.