„ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორ მართავს ვიღაც გარედან, როგორც ბოროტ “კლოუნებს”. ვიღაცას, საერთო ერთ ხელს, როგორ ჰყავს საბელით მობმული, როგორც ბოროტი “კლოუნები” და თავის ჭკუაზე ატარებს, ეს არის იმ ბანერებზე ასახული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ახალ ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციების შესახებ.

„ბოლო 4 დღის განმავლობაში [ისმის] – “მოიშორე ქ/ოცნება, მოიშორე ბიძინა”. ზიზღის ენით, შეურაცხმყოფელი, პოლარიზაციის გამაღვივებელი და, თუკი რაიმე ნეგატიური ფრაზა შეიძლება ახსენო, ყველაფრის შემცველი ბანერები გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში, “ნაცმოძრაობის” მიერ გაკრული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, – ხედავთ, როგორ მშვიდად მიდის კამპანია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს აქტივისტს: როგორც ახლა მივდივართ კარგად, ნუ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე კონფლიქტში შევიდნენ, მაგრამ ვისთან უნდა შევიდნენ კონფლიქტში?! – საერთოდ, ველზე არ არიან.
სოფლებში, ქალაქებში ადამიანები არ დადიან. პირველი არჩევნებია, როცა ე.წ. ველზე ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს. იმდენად არიან გარე აქტორებზე დამოკიდებულნი და ელოდებიან, როდის ვინ რა განცხადებას გააკეთებს, როდის ვინ რა რეზოლუციას მიიღებს, საარჩევნო კამპანიას, პრაქტიკულად, ტელევიზიების გარდა, არ აწარმოებენ, ხალხთან ვერ მიდიან. არც ერთ პარტიას არ აქვს იმის ძალა, რომ სადმე დელეგატი დაასახელოს. ანუ ელოდებიან რაღაცას გარედან, ან შიგნით – პროვოკაციას, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება თეორიულად გადატეხოს სიტუაცია. ეს მათი დუმილი საარჩევნო ველზე ამის მოლოდინის გამშიფვრელია. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მხოლოდ ბანერებითა და ტელეკამერებით გვესაუბრებიან, იქ უკვე ზიზღის ენით საუბრობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.