პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ მარცხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ ახალი პარლამენტის დაწყების პირველ დღეს მაინც ოპოზიცია შეძლებდა რესურსების მაქსიმალურად მობილიზებას, მაგრამ, ამაოდ. თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ერთადერთი კითხვა: სად არის ის 900 000 ამომრჩეველი? რატომ არ გამოდიან ქუჩაში მათივე ხმების დასაცავად? სიმართლე ის არის, რომ ოპოზიციამ არათუ მხარდამჭერებს, არამედ, საკუთარი პარტიის წევრებსაც ვერ დაუმტკიცა სიმართლედ გასაღებული სიყალბე. ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია ჯერ არ გვახსოვს.

ვერც ევროპაში გაფრენილი ლიდერები ვერ წამოიღებენ რაიმე სიკეთეს. მათი ევროპელი პატრონებიც კი ქართველი ხალხის მასშტაბურ პროტესტს ელიან, სხვა შემთხვევაში, ყველანაირი ხისტი განცხადება მხოლოდ წყლის ნაყვაა. ერთადერთი, რაც შეიძლება წამოიღონ, არის რჩევა, რომ მიზნობრივად გამოიყენონ მიღებული 61 მანდატი და შევიდნენ პარლამენტში.

წარმატებებს ვუსურვებთ ახლად არჩეულ, ლეგიტიმაციამინიჭებულ პარლამენტს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ! ველით ბევრ ახალ ინიციატივას”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.