„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე, ხელისუფლების მიღწევებსა და უახლოეს წლებში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა ყველაფრის საფუძველია, თუმცა, „ქართული ოცნების“ გუნდი იცავს არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ, სწორ პოლიტიკას ატარებს ყველა მიმართულებით. კერძოდ, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ქვეყანა მოწინავეა ადამიანთა კეთილდღეობის ინდექსით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ქართული მართლმსაჯულება და საზოგადოება სრულიად თავისუფალია ხელისუფლების წნეხისგან, თანდათან მცირდება სიღარიბეც.

 

„როგორც იცით, კიდევ შეგახსენებთ, სამი დღის წინ, პრემიერმა საარჩევნო პროგრამა ძალიან კარგად წარმოადგინა თავის გუნდთან ერთად, ძალიან შთამბეჭდავი იყო და დღესაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ; მე თვითონ მიხარია, როდესაც ვუსმენ, ისეთ ციფრებს ასახელებს პრემიერ-მინისტრი.

ცხადია, მშვიდობა ყველაფრის საფუძველია, რომლის გარეშეც ვერაფერი მიიღწევა, თუმცა ჩვენ მხოლოდ მშვიდობას არ ვიცავთ! ამის მიღმა, „ქართული ოცნება“ განუხრელად ყველა მიმართულებით ატარებს სწორ პოლიტიკას, მოწინავეები ვართ ადამიანთა კეთილდღეობის ინდექსით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ქართული მართლმსაჯულება და საზოგადოება სრულიად თავისუფალია ხელისუფლების წნეხისგან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვამცირებთ სიღარიბეს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ჩვენი სწორი პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით მინდა გითხრათ – თუ როგორ პროგნოზს აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი – ამ უაღრესად ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში.

ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით, საქართველო 2029 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია -უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2030 წელს 14 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.

ამ დამაიმედებელი რიცხვების მიუხედავად, ნურავის ექნება ილუზია, რომ მსგავსი შთამბეჭდავი შედეგები თავისით მიიღწევა. პროგრესს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მუდმივად აჩვენებს, სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. ჩვენი გეგმაა, რომ ღირსეულად, მყარად შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში და დარწმუნებული ვარ, საქართველოს წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წარმატების, რაც პრემიერმა თქვა, რაც მეც ჩამოვთვალე, რასაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ მიაღწია, მაგრამ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნებიც რომ არა, ჩვენი ხალხი, თქვენ ხომ ყველაზე უკეთ ხედავთ, თუ როგორი ქვეყანა იყო საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ დღეს?!“-  განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში შეკრებილ საზოგადოებას.