„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი მტრების მიერ ქართველი ერის მთავარი დასაყრდენის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას”,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძნა ივანიშვილმა ბათუმში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
“ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და რიგ ორგანიზაციებში გაბნეულმა უცხოეთის აგენტებმა ზუსტად იციან, რომ უსიტყვო მორჩილების მიღწევა მხოლოდ ჩვენი ხალხის მორალური დეგრადაციის, ფასეულობებისგან დაცლის გზით შეუძლიათ.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქართველი ხალხის ურყევ ნებას აუცილებლად ავსახავთ კონსტიტუციაში და არასრულწლოვანთა ინტერებს თუ ოჯახურ ღირებულებებს კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ!“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის დონეზე აპირებს მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამით არც ერთ რელიგიურ კონფესიას ჩრდილი არ მიადგება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, რაც კონსტიტუციის დონეზე აისახება!
მაგრამ ამით, საქართველოში მოქმედ არცერთ რელიგიურ კონფესიას იოტისოდენა ჩრდილიც კი არ მიადგება! პირიქით, ჩვენ ტოლერანტობით განთქმული, მრავალფეროვანი ქვეყანა ვართ და ეს თქვენ არ გესწავლებათ – აჭარაში დიდი გამოცდილება, უამრავი მაგალითია დაგროვილი იმისა, თუ როგორ ახერხებენ მართლმადიდებელი და მუსლიმი ქართველები, დები და ძმები, ერთად, ჰარმონიულად და ურთიერთპატივისცემით აკეთონ საერთო საქმე – იზრუნონ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაზე.
თავის მხრივ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იყო, არის და მომავალშიც იქნება გარანტი, რომ სახელმწიფო თანაბრად ზრუნავდა, ზრუნავს და იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.