საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მოგებული საქმე – საუბარია “TV პირველის” წინააღმდეგ ალექსანდრე ჭიკაიძის სასამართლო დავაზე. საქმე ეხება სიუჟეტებს, რომელთა მთავარი გმირიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია.
ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ტელევიზიით რამდენიმე დღის განმავლობაში გავიდა არაერთი სიუჟეტი, სადაც საუბარი, მტკიცებით ფორმაში, შეეხებოდა ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომ თითქოს ის იყო “ქოლცენტრების” მთავარი ფიგურანტი და რომ ის ქმნიდა თაღლითურ სქემაში მონაწილე კომპანიებს. სასამართლო საქმეს შვიდი თვის განმავლობაში განიხილავდა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიას მორალური ზიანის ანაზღაურება და ეთერში გასული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.
“TV პირველმა” ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, თუ რის საფუძველზე გააკეთა ასეთი მძიმე განცხადება და შელახა პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ერთადერთი, რაზეც ისინი აპელირებდნენ, იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენც ძალიან დიდი პატივს ვცემთ ამ უფლებას და ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან პატივსაცემი უფლება, მაგრამ არ შეიძლება, ეს უფლება გაგებული იყოს ისე, თითქოს ჟურნალისტს ჰქონდეს უფლება, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ადამიანს დააბრალოს სისხლის სამართლის დანაშაულის ორგანიზება, რადგან სიტყვისა და გამოხატვის უფლების გარდა, არსებობს ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლებაც და არ შეიძლება, ერთი უფლების ხარჯზე ვაღიაროთ მეორე უფლება”, – აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე.