„მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხებოდა.

„მადლობას ვუხდით ასევე ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს და არა დაინტერესებული მხარეების უსაფუძვლო ბრალდებებს. და ბოლოს, დავამატებთ იმასაც, რომ ეს არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე და ფაქტობრივად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც ყოვლად ანომალიური და მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოდირის წარმომადგენლებს გადავეცით კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ანგარიშში საბოლოოდ აისახება ეს დარღვევები. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საზოგადოება არჩევნებს ხვდება ბევრად მომზადებული და უკეთ ინფორმირებული იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ნაცადი სცენარები აღარ განმეორდეს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლების უმთავრესი მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მოვუწოდებთ არჩევნების ყველა მონაწილეს, დამკვირვებელს თუ სხვა დაინტერესებულ მხარეს შინ და გარეთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ხელოვნურად დისკრედიტაციისგან, ითანამშრომლონ პასუხისმგებელ უწყებებთან და ხელი შეუწყონ არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.