„რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან რეალური პარტიული რეიტინგები. ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული. ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს“,- განაცხადა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ უწყებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.
„ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ. ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც ეუთო-ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფიქრი ახლა მთლიანად პროვოკაციებისკენ არიან მიმართული.
სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.