შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ქორეოგრაფ ფლორენტინა ჰოლცინგერის დაუფარავი სექსუალური სცენებით გაჯერებული წარმოდგენის „სანქტას“ ჩვენების დროს 18 მაყურებელი ცუდად გახდა. ინფორმაციას “Euronews-ი” ავრცელებს.
1921 წელს გერმანელმა კომპოზიტორმა პოლ ჰინდემიტმა შტუტგარტის პრესტიჟულ ოპერაში ერთაქტიანი ოპერა „სანტა სუსანა“ დადგა, რომელიც დედათა მონასტრის სექსუალურ ამბებზე უყვება მაყურებელს.
თუმცა, იმ დროს კრიტიკოსებმა წარმოდგენა კულტურული ღირებულებების შეურაცხყოფად შეაფასეს, რის გამოც მისი პრემიერა ერთი წლით გადაიდო და ფრანკფურტის ოპერაში შედგა.
ახლა, ერთ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ჰინდემიტის ნაწარმოების რადიკალური და ფემინისტური ინტერპრეტაცია დაიდგა. სპექტაკლს „სანქტა“ ჰქვია, ხოლო მისი დამდგმელი ქორეოგრაფი ავანგარდული ფლორენტინა ჰოლცინგერია.
პრემიერა 5 ოქტომბერს შედგა. ახალი წარმოდგენა ოპერაში ორჯერ აჩვენეს და დაახლოებით 18 მაყურებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან მათ სპექტაკლის შემდეგ გულისრევის ძლიერი შეგრძნება ჰქონდათ.
„მაყურებელთან ურთიერთობის ჩვენმა სამსახურმა შაბათს რვას, ხოლო კვირას ათ ადამიანს დახმარება გაუწია“, – განუცხადა ოპერის წარმომადგენელმა სებასტიან ებლინგმა გაზეთ “Stuttgarter Zeitung-ს”. ებლინგმა დასძინა, რომ 18-დან სამი ადამიანი იმდენად შეუძლოდ გახდა, რომ ექიმების გამოძახება გახდა საჭირო.
რაც შეეხება თავად წარმოდგენას, ის სამი საათი გრძელდება. მთელი ამ დროის მანძილზე სცენაზე შიშველი მონაზვნები დგანან. უკანა პლანზე ჯვარზე გაკრული შიშველი ადამიანები არიან, რომლებიც სისხლისგან იცლებიან. სპექტაკლის დროს წარმოდგენილი იყო სექსის სცენებიც ყოველგვარი დაფარვის გარეშე.
ერთ-ერთ ეპიზოდში მაყურებელს ევლინება რომის პაპის ტანსაცმელში გამოწყობილი ჯუჯა მსახიობი ქალი. ხოლო მეორე ეპიზოდში იესოსავით გამოწყობილი მსახიობი ქალი, რომელიც ამერიკელი რეპერის ემინემის სიმღერებს მღერის.