დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით, 20 ოქტომბერს ოზურგეთის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის პარალელურად ,ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში (ერისთავის ქუჩა 22) ეროვნული სკრინინგცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ჩაატარებს.

„მოსახლეობა შეძლებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ისარგებლოს.

საინფორმაციო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობით იმართება. მსგავსი აქციები ქვეყნის სხვა რეგიონშიც გაიმართება“, – ნათქვამია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.