“26 ოქტომბერს, მთელს მსოფლიოს ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს. ქართველ ხალხს აგენტურას ვერავინ შეასაღებს ევროპელებად, გამორიცხულია”,  –  განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ქუთაისში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის გარე ძალების მიერ დახმარება ქართველ ხალხს უფრო მობილიზებულს და წინააღმდეგობრივს ხდის. მისივე თქმით, მართალია საქართველოს ევროპა სჭირდება, მაგრამ ევროპასაც ძალიან სჭირდება საქართველო თავისი ამაყი, უტეხი ხასიათით, ტრადიციული ღირებულებებით და რეალური თავისუფლების სიყვარულით.

„რაც არ უნდა მათი საარჩევნო კამპანია აწარმოონ გარედან, ამ ყველაფრით, გარედან რომ ეხმარებიან, ჩვენ, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებული, თუ გნებავთ, უფრო წინააღმდეგობრივი ვხდებით და ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით, ამ მიდგომის განმტკიცებას იქით, ევროპაშიც შევძლებთ და შევეცდებით. არ არის ისე ჩემო მეგობრებო, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, პირიქით – თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას და ევროპელებს ჩვენი ამაყი, მეტიც, ხანდახან უტეხი ხასიათითაც კი, ტრადიციული ღირებულებებით, რწმენის პატივისცემით და რეალური თავისუფლების სიყვარულით. ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც „დილა მშვიდობის“ და „საღამო მშვიდობის“, ასე ვესალმებით ერთმანეთს, ან კიდევ მისალმების აღმნიშვნელი მთავარი სიტყვა არის გამარჯვებასთან დაკავშირებული, როცა ერთმანეთს ვეუბნებით გამარჯობას, არავის გავამარჯვებინებთ არც მშვიდობაზე, არც ღირსებაზე და არც საკუთარი თავის უფლებაზე. ამიტომ არის ჩვენი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის მხარეს და მხოლოდ ამ გზით ვაპირებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.