აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

„გავეცანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას. მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ხულოსა და შუახევს. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო შეზღუდულად ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. მეწყრულმა პროცესმა დააზიანა დაბა ხულოს სასმელი წყლის მაგისტრალი.

უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი. ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები.
ბათუმში, მთელი კვირის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა სასმელი წყლის უწვეტად მიწოდების კუთხით. სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბათუმში უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ“, – წერს რიჟვაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.