აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა.
„ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობის ფარგლებში, ტერიტორიაზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, სადაც, ჯამში, 1077 ბინა მოეწყობა.
პროექტის მიხედვით, მესაკუთრეებს კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ. შენობებში გაზიფიცირებისა და ყველა სხვა საინჟინრო კომუნალური სისტემა მოეწყობა; განხორციელდება სახლების ეზოების გამწვანება და სრულად კეთილმოწყობა.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის N88-ში მშენებლობა 36 თვეში დასრულდება.
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 112 236 484 ლარს შეადგენს.
ბაზრის კვლევაში დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, სამი 12-სართულიანი სახლი უკვე აშენდა. 582 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა. პროექტის მეორე ეტაპზე, საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან ერთად, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება.