„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ არ გვინდა ევროკავშირი და უარი არ დაგვიფიქსირებია. ის, რაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის, ამაზე ვიქნებით ევროკავშირთან სამუშაო პროცესში და ვეცდებით ავუხსნათ მათ, რომ ეს საზიანოა საქართველოსთვის, არ ვეჩხუბებით და არ ვემიჯნებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა. როგორც ის ამბობს, ჩვენი გაცხადებული ნებაა ევროკავშირის წევრობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით.
„ხვალ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მოხდება და ნიშანდობლივი არის ის, რომ მკაფიოდ გამოჩნდა, სად სურთ ჩვენი დაპირისპირება. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ არ გვინდა ევროკავშირი და უარი არ დაგვიფიქსირებია. ის, რაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის, ამაზე ვიქნებით ევროკავშირთან სამუშაო პროცესში და ვეცდებით ავუხსნათ მათ, რომ ეს საზიანოა საქართველოსთვის, არ ვეჩხუბებით და არ ვემიჯნებით.
სამთავრობო პროგრამაში ჩვენი გაცხადებული ნებაა ევროკავშირის წევრობა. ასევე ხაზგასმულია მშვიდობიანი პოლიტიკა რუსეთთან, რათა მოგვარდეს ჩვენი უმთავრესი პრობლემა – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, რაც შეახსენა დღეს საზოგადოებას სოზარ სუბარმა.
რაც უნდა პროვოკაციები მოგვიწყოს ამ შიდა აგენტურამ, გარედან მართულმა ძალებმა მეორე ფრონტის მუქარით და ა.შ. მკაფიოდ უნდა გვქონდეს ეს ხაზგასმული და არა მოსაჩვენებლად. პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ, რომ ღიად ვაღიარებთ შეცდომებს, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. გაცხადებული პოლიტიკაა ჩვენი – მზად ვართ ერთიან სივრცეში ვიცხოვროთ ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან. ესაა მთავარი გზავნილი: ევროკავშირისკენ სწრაფვა; ჩვენი ქვეყნის გაერთიანება; რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკება, რადგან არ ვართ გიჟები რუსეთთან რაიმე სამხედრო ინტერვენცია განვახორციელოთ და ბრძოლა დავიწყოთ, ღმერთმა გვაშოროს. ვერც იმას წამოაძახებს ვერავინ ქართველს, რომ ომის ეშინია, ესეც მიუღებელია…
ვიცი, რომ სრულყოფილ, ჩამოყალიბებულ ქართველ ადამიანს ვერავინ შეასაღებს „ფეიკებს“ და სიყალბეს და მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ დღეს მკაფიოდ გამოკვეთა თავისი ხაზი და პლატფორმა, რომ ეს არჩევნები არ იქნება პარტიული. ქართველი ხალხი დაინახავს ვინ ებრძვის ქვეყანას და გააკეთებს არჩევანს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.