საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოვლენების ობიექტურად შეფასებას ითხოვს.
„ჩვენ გვყავს პარტნიორები და მათგან არა მხარდაჭერას, არამედ მოვლენების ობიექტურ შეფასებას ვითხოვთ და თანამშრომლობის მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას. იმისათვის, რომ მხარდამჭერები და პარტნიორები მეტნი იყვნენ, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ და გავაათმაგოთ მუშაობა. გარდა ამისა, მათ, ვისაც პარტიაში საგარეო კურსის წარმართვა აბარია (მადლობა მათ იმისთვის, რომ უზრუნველყვეს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანა) მოვთხოვთ ამ პარტნიორობის გაფართოებას.
პრეზიდენტის განცხადება ამერიკულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ან ნებისმიერი გადაცდომა არჩევნებთან მიმართებაში უნდა იყოს შესწავლილი და დასკვნები გადაიგზავნოს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მთავრობაში. იმ ადამიანებს, რომელთა განცხადებები და ბრალდებები ჩვენს მიმართ არ შეესაბამება სინამდვილეს, უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. როგორც ჰერჩინსკის შემთხვევაში მოხდა, რომელმაც უკან დაიხია, ხელები აწია და თქვა, რომ შეაფასებდა ობიექტურად პროცესებს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მათი საქმე არ იყო.
მოვუწოდებ საზოგადოებას, რომელიც შეიძლება აპირებს დღეს აქციაზე გასვლას და ამ პროპაგანდითაა გაჟღენთილი, მათ, ვინც ზერელედ უყურებდა პროცესებს და ამბობდა, რომ ჩვენ ნაცებს კი არა, „გახარიებს“ და „ლელოს“ ვაძლევთო ხმას, კარგად გააანალიზონ ყველაფერი. ჩვენ საზოგადოებას ვუხსნიდით, რომ ისინი ერთი და იგივე ძალები არიან, მითუმეტეს გახარია, რომელიც ყველაზე მზაკვრული გეგმით შემოვიდა ამ პროცესში, თითქოს ამ პროცესებს ემიჯნებოდა.
დღეს ის რომ გამოსულიყო და არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინა ეჭვქვეშ, პირდაპირ გაიშიფრებოდა და ჩაეწერებოდა ნაციონალურ მოძრაობაში. ამიტომ, გამოვიდა და დაასწრო პრეზიდენტს, როცა თქვა, რომ ის და მისი გუნდი გაერთიანდება არა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, არამედ კურსის ცვლილების თემაზე. ევროკავშირი თუ კარს დაგვიკეტავს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვისო – აი, ასეთი მზაკვრული გეგმა აქვს გახარიას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.