არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულაციის შესახებ: „არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეგიონიდან არიან, დიდ ქალაქებში მუშაობენ, სწავლობენ, რეგისტრირებულები არიან რეგიონში, მაგრამ ცხოვრობენ დიდ ქალაქებში; არჩევნების დღეს მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი და დაბრუნდნენ“

ოპოზიციის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულაციის საკითხს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ გამოეხმაურა.

„ორ ტყუილს ამბობდნენ: პირველი ტყუილი იყო, რომელიც გუშინ გაავრცელეს, ქარდიც კი დაამზადეს და სოციალურ ქსელში დაატრიალეს, სადაც საქსტატის მონაცემები იყო გამოქვეყნებული – საქართველოს მოსახლეობა – 3 მილიონ 600 ათასზე მეტი… აქედან რამდენს ჰქონდა პირადობა და პასპორტი და რამდენს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცა…

ეს იყო აბსოლუტური ტყუილი და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ბრიფინგზევე ამხილა დეზინფორმაციაში.

ნახეთ, რა მარტივი მანიპულაციის მცდელობა აქვთ – რა თქმა უნდა, საქართველოში მოსახლე და საქართველოს ამომრჩეველი ერთმანეთისგან განსხვავებული განსხვავებული ცნებებია. საქართველოში მოსახლე ნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ – საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს. საქართველოს მოსახლეობაში არ იგულისხმება პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრობენ და თვითონვე ამბობდნენ, რომ ათობით ათასი ადამიანი დარეგისტრირდა ხმის მისაცემად და, დაახლოებით, 95 ათასი იყო, ვინც საკონსულო აღრიცხვაზე დადგა. ე.ი.,
მინიმუმ, 95 ათასი საზღვარგარეთ ყოფილა. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს – ამაში იგულისხმება საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და საქართველოში ცხოვრობს და, ასევე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ეს ორი რიცხვი, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან შეუსაბამო იქნება და ერთმანეთს ვერ დაემთხვევა.

საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს უმტკიცებენ, რომ მოსახლეობა და ამომრჩეველი და მოქალაქე ერთი და იგივეა. დღეს ხომ პარლამენტის თავმჯდომარემ ამხილა ამ ტყუილში და ახლა ახალი მოიფიქრეს და ე.წ. ცხრილი გააშანშალეს სოციალურ ქსელში. მაგალითად, ცაგერში 7000-ზე მეტი მოსახლეა, – ამბობს საქსტატი. კი ბატონო, 7000-ზე მეტი მოსახლეა, აქედან 5000-ია მოსახლეთა რაოდენობა, ვისაც შეუძლია, რომ ხმა მისცეს და რეალურად, ცესკო-ს შედეგის მიხედვით, 6000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა და ეს როგორ შეიძლებაო. იგივე ლოგიკა მოქმედებს – 7000 ნიშნავს მოსახლეს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს, მაგალითად, ცაგერში. ამ მუდმივად მცხოვრებ ადამიანებში არასრულწლოვნებიც ხომ არიან? ბავშვებიც არიან და ღმერთმა გვამრავლოს და ძალიან ბევრი, 7000 კი არა, ღმერთმა 70000 აცხოვროს ცაგერში. რაც უფრო მეტი ქართველი იქნება, მით უკეთესია, მათ შორის, ჩვენს რეგიონებში. მეც რეგიონად ვარ და ღმერთმა ქნას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდეს, მაგრამ ახლა 7000 ცხოვრობს.
ამ 7000-დან 5000-ია მუდმივად მოქმედი მაცხოვრებელი, რომელსაც ხმის მიცემა შეუძლია, მაგრამ ცაგერელები სხვა მუნიციპალიტეტებში არ ცხოვრობენ? თბილისში არ არიან ცაგერში ჩაწერილი ადამიანები? და არ დაბრუნდნენ, გინდ, ცაგერში და, გინდ, სხვა მუნიციპალიტეტებში? რომ ჰქონდათ ერთი ალიაქოთი, – დიღმის მასივში ბევრი ადამიანი და ბევრი მანქანა მიდისო, რეგიონებში ბრუნდებაო ხმის მისაცემად, ზუსტად ის ადამიანები არიან, ვინც დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონებში და მისცეს ხმა. აქაც კიდევ ერთი დიდი ტყუილია, რომელშიც ცდილობენ ქართველი ხალხის დაჯერებას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.