პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე, ევროკომისიის ყოველწლიური შეფასების ანგარიშზე ისაუბრა:

“დღეს, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური შეფასების ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის, ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოების – თურქეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შეფასებას. ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, უკვე მეორედ აფასებს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ხარისხს.

წარმოდგენილი ანგარიშით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი საკითხი და საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში საქართველოს კონსტიტუციის, ქართველი ხალხის ნების და ასოცირების შეთანხმების წარმატებული შესრულების, გათვალისწინებით გააკეთა. გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაეფუძნა სწორედ იმ პროგრესის შეფასებას და ანალიზს, რაც ევროკომისიამ გააკეთა საქართველოსთან მიმართებაში და რომელიც ცხადყოფდა საქართველოს წინსვლას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.