კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული რეაბილიტირებული შენობა მოინახულა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ 2021 წლის ივნისში ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული 4 080 კვ. მ შენობის (ქ. თბილისი, ხეთაგუროვის ქ. N26) სრული რეაბილიტაციისთვის პროექტის მოსამზადებლად 180 000 ლარი გამოყო.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან – „შპს იმპოსტთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 25 მაისს და ამავე დღიდან დაიწყო პროექტის განხორციელება.

სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. ახლა ეტაპობრივად დაიწყება შენობის აღჭურვა, რის შემდეგაც ანსამბლი „ერისიონი“ თანამედროვე სტანდარტების შენობას მიიღებს, კერძოდ, შენობაში იქნება: საკონცერტო დარბაზი, ანსამბლის შოუ-პროგრამების შესაბამისი განათება-გახმოვანება, ხმის ჩამწერი სტუდია, კეთილმოწყობილი სარეპეტიციო დარბაზები და საგრიმიოროები, ასევე, გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, მოსასვენებელი სივრცეები და კაფეტერია. გარდა ამისა, შენობაში იქნება სარეპეტიციო დარბაზები „ერისიონის“ სკოლა-სტუდიისთვის.

რეაბილიტაციის სრული ღირებულება 13 800 000 ლარია.