„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე 300 ათასი ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და განმარტავს, რომ ამხელა მასშტაბის ხმების ერთ დღეში გაყალბება ფიზიკურად წარმოუდგენელია.

“მოკლედ, ამ იმბეცილების მტკიცებით, გაყალბების ქსელი ასეთია – მოქალაქე მიდის ნაკადის ნაცნობ მომწესრიგებელთან და ის ამისამართებს ნაცნობ რეგისტრატორთან. თითქოს უმარტივესია არა? – ნაკადის მომწესრიგებელმა მარკირებული მოქალაქე გაატარა, გაუშვა რეგისტრატორთან და იმან, სხვა პირადი ნომრის გატარებით, ახალი ბიულეტენი მისცა?! თუმცა – 3000-ზე მეტი საარჩევნო უბანი გვაქვს და ყველა უბანზე წევრთა ფუნქცია-მოვალეობები შემთხვევითობით ნაწილდება.

შესაბამისად, ნაკადის მომწესრიგებელი შესაძლებელია აღმოჩნდეს ოპოზიციური პარტიის წევრი, ან რეგისტრატორობა საერთოდ ვერ მოუწიოს გაყალბებაში ჩართულ პარტიის წევრს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლებას 300 000 (სამასი ათასი) ხმის გაყალბებას ედავებიან და არითმეტიკულად, ერთმა ადამიანმა რომ ორი ხმა მისცეს, 150 000 ადამიანია საჭირო, სამმა – ასი ათასი, და სულ რომ ოპტიმალურ რიცხვზე დავიყვანოთ, 30 გაყალბებულ ხმას (ერთ დღეში ესეც ფიზიკურად წარმოუდგენელია) 10 000 ადამიანი ესაჭიროება.

წარმოგიდგენიათ რამხელა, მასშტაბზეა საუბარი, რა რესურსი, მობილურობა, კონსპირაცია და ზებუნებრივი ძალებია საჭირო, რომ ათი ათას შეთქმულ ადამიანზე წარმოდგენა არავის ჰქონდეს?! (სულ რომ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ან დამკვირვებლები).

მოკლედ, აქამდე თუ ვიცოდით, რომ უსამშობლოები იყვნენ ჩვენი პრივილეგირებული “ენჯეოშნიკები”, ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსამშობლობასთან ერთად, ფართომასშტაბიანი იდიოტებიც არიან! აკი გეუბნებით, “აგენტოკრატიიდან” “იდიოტოკრატიამდე” ერთი ნაბიჯია-მეთქი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.