“აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ, ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, – იმ მოქალაქეებთან, რომლებსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცათ ხმა. და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ, გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს; ისარგებლეს იმით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ხელმოწერაც შესაბამის ფურცელზე უნდა ყოფილიყო და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა”, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი მეთოდით მოჰპარეს ხმები „ნაცმოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს.
„მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ – ხელმოწერები არ იყო, გადასატანი ყუთი როდესაც დაბრუნდა უბანზე, იმიტომ, რომ მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს გაფერადებულს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც შეგნებულად შეუშალეს ხელი, – არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის საფუძველზე ისინი მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან.
ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავსა და რამდენიმე საარჩევნო ოლქში როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ. მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები, ამაზე არ ვისაუბრებ იმაზე მეტს, რასაც ვამბობ. ისინი ხომ ყველაფერზე ლაპარაკობენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ამის იქით მე არაფერს ვიტყვი, სანამ კონკრეტული ფაქტები არ გვექნება.
ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, თუ როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოჰპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს თავიანთი არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა. ზოგ შემთხვევაში, მათ ვერ მოახერხეს, – „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეძლო, რომ წასულიყო საარჩევნო უბანზე და მიეცა ხმა. აქ უკვე მცდელობაა ხმის მოპარვის. ზოგ შემთხვევებში, იმ შემთხვევებში, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ, ვერ შეძლო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.