“დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.

„დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან. თურმე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზენტაციაზე „ცარიელი თეთრი კვადრატი“ წარადგინა. ეს პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით გაეგზავნა სრულიად ქართულ მედიას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის სქრინი. როგორც ჩანს, კამერებს უჭირთ ნაცრისფერის აღქმა თეთრ ფონზე“, – წერს ლევან ქარუმიძე X-ზე.

ოპოზიციის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთ სლაიდში საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრად არის აღნიშნული იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ რეგიონებში, ოკუპაციის გამო, “ქართულ ოცნებას” დელეგატები არ ჰყოლია, ამ სლაიდს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.