ფაქტჩეკერების შეტყობინების საფუძველზე, Meta-მ ოპოზიცია მორიგ სიცრუეში ამხილა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციის სტატუსი მიანიჭა.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე ნაჩვენებ საქართველოს რუკის ფოტოს, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით არის მონიშნული, ხოლო ლურჯ ფერში არის ყველა სხვა ოლქი, სადაც „ქართულ ოცნებას“ თავისი დელეგატები ჰყავდა წარდგენილი.
იმის გამო, რომ პრეზენტაციაზე ნაჩვენები ფოტო ტელეეკრანზე მკვეთრად გარჩევის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა რუკა, რომელშიც, თითქოს, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.
ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებლად გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია „იმედისა“ და შალვა პაპუაშვილის “ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერებში რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც თეთრად აღიქმება.
ამასთან, მედიებს პრეზენტაციის ფაილიც გაეგზავნათ, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც რუხი ფერით არის გამოყოფილი.
სწორედ ამის გამო, აღნიშნული რუკის შესახებ გაზიარებული ინფორმაცია „ფეისბუკმა“ დეზინფორმაციად მონიშნა.