გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე, 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხოხბების გაშვების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მონაწილეობდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტს კოლხური ხოხბები საჩუქრად ორგანიზაცია “აგრო ქართუმ” გადასცა.

კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს მისი პოპულაციის მომრავლებასა და აღდგენას.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლებისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება და მათი ბუნებაში გაშვება ხორციელდება.

2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა.