თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის მე-11 რაიონული სამსახურის N1132 ბრიგადამ ქალი მისსავე საცხოვრებელ ბინაში ამშობიარა.

“ექიმ სალომე კოკაიას გადმოცემით, თბილისის ერთ-ერთ უბანში, გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას კორპუსის წინ პანიკაში მყოფი მეზობლები დახვდნენ. ძველებურ კორპუსში ლიფტის არარსებობის მიუხედავად, ექიმები წამების განმავლობაში პაციენტთან იყვნენ. ნაადრევად მშობიარობადაწყებული ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და შველას ითხოვდა. ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმისა და სწორი მოქმედების შედეგად სამყაროს პატარა ვარდისფერლოყებიანი ბიჭუნა მოევლინა, რომელმაც დაბადებისთანავე იტირა. ექიმების მიერ მოხდა დედის პარამეტრების შეფასება, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე.

ბრიგადის ექიმების მიერ დედა და ახლად დაბადებული პატარა ბიჭუნა, სტაბილური მდგომარეობით, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.

სალომე კოკაია მეან-გინეკოლოგია და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობის პერიოდში მისთვის ეს ბინაზე მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა იყო. ახალი სიცოცხლის დაბადების პროცესში მონაწილეობამ მას კიდევ ერთხელ დაანახა ამ პროფესიისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

გვეამაყება ჩვენი ეკიპაჟის მაღალი პროფესიონალიზმი. ექიმი სალომე კოკაია, უმცროსი ექიმი მარიტა სომხიშვილი, მძღოლი მამუკა მიქაია”, – ინფორმაციას ავრცელებს “ფეისბუკის” გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.