„ალეკო ელისაშვილმა, გუშინდელი აქციის დროს, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ თურმე, მოსამართლეს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და მან დადასტურებულ ფაქტად იცოდა, რომ მოსამართლე გააუქმებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
„რა იცოდა პოლიტიკოსმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახე; რა იცოდა, რა ედო თავში მოსამართლეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ცალკე შესწავლის საგანია. წარმოუდგენელი ინფორმაცია ვრცელდება, – რომ თურმე, მოსამართლემ თავის შინაგან რწმენასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი არ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ, თურმე, პოლიტიკოსებმა და, კონკრეტულად, „ნაცკლასტერის“ პოლიტიკოსებმა წინასწარ იცოდნენ სასამართლოს მისაღები თუ უკვე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციისა თუ გადატრიალების მცდელობისთვის, რაც ასევე წამოსცდა თინა ხიდაშელს, რომელმაც პარალელი გაავლო 2003 წელს, ბოლნისში მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და მერე ეს ყველაფერი გამოყენებულ იქნა „ვარდების რევოლუციისთვის”.
სავარაუდოდ, დიდი ალბათობაა და არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კლასტერში შემავალ პარტიებს სურდათ სასამართლოს გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი წლების განმავლობაში იმეორებენ და ახსენებენ „კლანს“ სასამართლოსთან მიმართებით, რითაც ცდილობდნენ, რომ ერთი მხრივ, ჩამოეშალათ სასამართლოს რეპუტაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხელში ჩაეგდოთ სასამართლო ხელისუფლება, რათა ასეთი გადაწყვეტილებები, როგორიც თეთრიწყაროში იქნა მიღებული, მრავლად ყოფილიყო და შესაძლებლობა ჰქონოდათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ.
ალეკო ელისაშვილი და ოპოზიციონერები წინასწარ იყვნენ საქმის კურსში, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე, – სხვათა შორის, ის მოსამართლე, რომლის მეუღლეც არის ცნობილი აქტივისტი და პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღვით გამოირჩევა როგორც ქართველი ხალხის, ისე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მიმართ, პარტიის წვერებს და პოლიტიკოსებს თავი რომ დავანებოთ. ის ჩვეულებრივ, რიგით ამომრჩევლებს ლანძღავს და ასეთი ადამიანის მეუღლე იღებს გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც მინიმუმ, მას აცილება უნდა გამოეყენებინა და ასეთი საქმე არ უნდა განეხილა, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ალბათობით, იგი მიკერძოებულიც შეიძლება ყოფილიყო. და კიდევ უფრო სკანდალურია, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდნენ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.