საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქი სტრასბურგი 6-8 ნოემბერს დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს მასპინძლობს.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი, რომელიც ღონისძიებაზე წარდგენილია ასამბლეის სოციალური კომიტეტიდან.
ფორუმი განიხილავს იმ კრიტიკულ საფრთხეებს, რომლებიც შედეგად მოჰყვება დეზინფორმაციას, ასევე, მრავალფეროვნების გარშემო სხვადასხვა პოლიტიკურ ნარატივს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის კონტექსტში.
ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება საარჩევნო პროცესებმა უნებლიეთ შეუწყოს ხელი პოპულიზმის აყვავებას.
ამგვარი გამოწვევების აქტუალობის ფონზე, ფორუმი შეისწავლის გზებს, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, რათა მათ გაიაზრონ პოპულიზმით გამოწვეული რისკები.
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის თემებს შორისაა: ახალგაზრდების ჩართულობა; დეზინფორმაციასთან ბრძოლა; მრავალფეროვნების წახალისება; დემოკრატია და პოლარიზაცია; სიტყვის თავისუფლება; დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
ფორუმი აერთიანებს პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, მინისტრებს, აკადემიკოსებს, აქტივისტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს და, როგორც წესი, ყოველწლიურად იმართება ევროპის საბჭოს სასახლეში, სტრასბურგში.