„როდესაც ქართულ ენაზე მხოლოდ საუბრობ და გოგებაშვილის “დედა ენას” ებრძვი, ეს ხომ ილიას საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაა?!“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„როდესაც ილიას ცხოვრებას ეცნობი, ფიქრობ იმ მძიმე ბრძოლაზე, რაც მან გაიარა “მამული, ენა, სარწმუნოებისთვის”. მისი ცხოვრების ყველა ეტაპი არის სამშობლოსათვის თავდადება, გამბედაობა, ნებისყოფა, პრინციპულობა. მისი სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი იყო, უპირველეს ყოვლისა, ქართული და შემდეგ – ევროპული.

დღეს ყველა სპეკულირებს იმით, რომ ილიას გზას მიუყვება, მაგრამ ილიასი არ იყოს, “სიტყვები არაფრის მაქნისია, თუკი საქმე არ არის მთქმელი”. როდესაც ღიად აცხადებ, რომ ილიას გზას მიუყვები და, ამავე დროს, ქვეყნის წინააღმდეგ უცხოური ფულებით იბრძვი, ეს არ არის ილიას გზა!

როდესაც ლგბტ პროპაგანდას ეწევი და ებრძვი ეკლესიას, სარწმუნოებას, არც ეს არის ილიას გზა!

არც ის არის ილიას გზა, უცხო ქვეყნის ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენო! არც ილიას ლიბერალიზმია თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმი. არც ილიას თერგია დღევანდელი ოპოზიციის ანალოგი, როგორც მათ სურთ მონათლონ, და არც მყინვარწვერია მათი სიმბოლო.

დღევანდელმა ოპოზიციამ არ იცის, რომ ილიას ეროვნულ მოღვაწეობას მთლიანად გასდევს ლელთ ღუნიას სიტყვები – “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”. სანამ ეს სიტყვები ისევე არ ეტკინება ნებისმიერს, როგორც მას სტკიოდა, უფლება არა აქვს  თქვას, – ილიას გზას მივუყვებიო.

დღეს ილიას დაბადების დღეა!

დღეს ყველაზე მეტად უნდა იფიქრო  საკუთარ თავთან, ხარ კი მისი ლელთ ღუნია?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.