„მოსახლეობას შევახსენებ, რომ სულ ახლახან ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით 32-ე პოზიციაზეა. ეს არის რეალური ვითარება და არა ის, რაც სურს ყალბი აღქმების საშუალებით შექმნას ოპოზიციამ და მის დასახმარებლად ჩამოსულმა დესანტმა“, – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებისათვის საქართველომ შეიმუშავა და გაატარა სხვადასხვა სფეროს 23 სტრატეგია, რაც დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ დღეს ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში.

„ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ევროპულ ლიდერშიპში განიხილება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისცემოდათ უვიზო მიმოსვლის საშუალება, ქვეყანამ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა. ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით, დოკუმენტების უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და ასე შემდეგ. სწორედ ამ რეფორმების ხარისხისა და მათი განხორციელების შეფასების შედეგად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება. ასე, რომ ერთი ხელის მოსმით, თუ ეს პუნქტები არ არის დარღვეული, რა თქმა უნდა უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებისათვის შეიმუშავა სხვადასხვა სფეროს 23 სტრატეგია და ყველა მათგანი წარმატებით განახორციელა. ამ რეფორმების წარმატება კი დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მესიჯის გაჟღერება, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ ამას ითხოვს ოპოზიცია, ნიშნავს იმავეს, რასაც უვიზო მიმოსვლის მიღებამდე აკეთებდნენ – დარბოდნენ ბრიუსელში და ითხოვდნენ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ არ მოენიჭებინათ საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ახლაც, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეებისთვის ამ რეჟიმის შეჩერებას მოითხოვენ. თუმცა ამის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს, გარდა მათი მოწოდებებისა. გვახსოვს, რომ ანალოგიური მოწოდება ევროკავშირმაც გააჟღერა თავის რეზოლუციაში, რასაც ევროკომისიის მხრიდან გაგრძელება არ მოჰყოლია.

მოსახლეობას შევახსენებ, რომ სულ ახლახან ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მსოფლიო მასშტაბით 32-ე პოზიციაზეა. ეს არის რეალური ვითარება და არა ის, რაც სურს ყალბი აღქმების საშუალებით შექმნას ოპოზიციამ და მის დასახმარებლად ჩამოსულმა დესანტმა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.