„ყველა კარგად ხედავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების შანსი არ აქვს. ახლა მათი უცხოელი პატრონები ცდილობენ, რომ შეიქმნას ახალი, ალტერნატიული ძალა, რომელიც უფრო რადიკალური იქნება“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, რომელი ძალა რა როლს მოირგებს: ვიღაცა ეცდება, რომ უფრო რადიკალური ლოზუნგებით მიიზიდოს ამომრჩეველი, სხვები კი უფრო კონსტრუქციულ როლს მოირგებენ. მაგრამ ცხადია, რომ მათ პატრონებს სურთ, იყოს ორი ძალა, რომელიც ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტზე ითამაშებს, მაგრამ ბოლოს ერთ კოალიციაში გაერთიანდებიან. ამგვარ ხელოვნურ გაერთიანებებს რომ მომავალი არ აქვს, ამაში მალე, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დარწმუნდებიან, რადგან საზოგადოებრივი აზრის ნებისმიერი კვლევა ამას უკვე აჩვენებს.
რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის ცნობილი განცხადებისა, „არა და არასდროს“ შევიწყალებო, ამის გაკეთება მასზე არ არის დამოკიდებული. ზურაბიშვილი ისე მოიქცევა, როგორც მისი პატრონები დაავალებენ; ისინი კი დააკვირდებიან ვითარებას: თუ ჩათვლიან, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უკეთესი იქნება სიტუაციის არევისთვის და იმისთვის, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მეტი ხმა მიიღოს, მაშინ გამოაშვებინებენ. მაგრამ, თუ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გამოშვება და არეულობა, რაც ამ გამოშვებას მოჰყვება, ხალხს აფრთხობს და პირიქით, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” შანსებს ამცირებს, დავალებაც შესაბამისი იქნება. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.