„ბოლო დღეების ქრონიკას თუ გადავხედავთ, ანალიზიც და დასკვნაც მარტივი გასაკეთებელია: ოპოზიციის ვერშემდგარ გრანდიოზულ აქციებზე ევროპიდან ჩამოდიან ის დეპუტატები, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალიზმით, ლიბერალიზმითა და მიშიზმით. თუმცა, მათი რიცხვი გასულ წელთან შედარებით რატომღაც შემცირდა“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„არც ისე ხმამაღალი განცხადებები გვესმის ევროპიდან ოპოზიციის მხარდასაჭერად. ეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია გამარჯვებულად აცხადებს თავს და თან გვიმტკიცებენ, – მთელი ევროპა ჩვენ გვაღიარებსო.

არადა, ამ დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხან შუაგულ ევროპაში და ხან – აზერბაიჯანში ევროპელ ლიდერებს ხვდება და სიტყვით გამოდის. შეუძლებელია, არჩევნებში გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელს არ აღიარებდე და მას ხელს ართმევდე. ის, რომ ოფიციალურ მოლოცვებს აგვიანებენ, დასავლეთის უკვე მილევადი პოლიტიკური თამაშია, რომელიც ისევეა განწირული მარცხისთვის, როგორც დასრულდა მათი ომის პოლიტიკა. ასე რომ, ამ დღეების მოვლენებში შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, თუ ვინ არის გამარჯვებული და ვინ დგას უკვე ვადაგასული პოლიტიკის მხარეს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.