ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტში შემსვლელთა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს ოპოზიციას ისევე შეჰყავს ამ თემაზე საუბრისას საზოგადოება შეცდომაში, როგორც შეჰყავდა მაშინ, როცა არჩევნების დღეს გამარჯვებას ზეიმობდა.

„მთელი დღეა ვისმენთ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლის ჰეროიკულ განცხადებებს, რომ არჩევნებს არ ცნობენ და სიები ჩახსნეს და ცესკომ არ გაბედოს მათი დოკუმენტაციის პარლამენტში გადაგზავნა. ისევ აბოლებენ საკუთარ ამომრჩეველს და მთელ საზოგადოებას, ისევე როგორც კენჭისყრის საღამოს „გამარჯვების” ზეიმისას, მერე რომ „გაყალბებული” აღმოჩნდა და ეს თურმე იქვე იცოდნენ.

ახლა იმის იმედი აქვთ, რომ კანონმდებლობას არავინ წაიკითხავს, ან ვერ გაარკვევს, რომ არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს. მერე გამოვლენ და მომხრეებს დააბოლებენ – რა ვქნათ, ცოცხალი თავით არ გვინდოდა პარლამენტარობა, მაგრამ კალანდარიშვილმა ქეჩოში ჩაგვავლო ხელი და სათითაოდ უკანონოდ შეგვყარაო,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.