„მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. მანდატი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული 3 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია. თითქმის 8 წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი საპარლამენტო წარსულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის როგორც წამყვანი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და დამოკიდებულება აუცილებლად გამყვება მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ წევრს, რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ – ინსტიტუციურად გავაძლიერეთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო; მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც სრულად შეესატყვისება ევროპული კონსტიტუციონალიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს; ვახორციელებდით უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას, ეკონომიკის ზრდას, სხვადასხვა დარგის განვითარებასა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურებოდა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩვენი საპარლამენტო გუნდის ერთიანობით, თითოეული თქვენგანის პრინციპულობით, პატრიოტიზმითა და ქვეყნის ინტერესების ერთგულებით. დიდი მადლობა თქვენ გუნდურობისთვის და მეგობრობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.