„ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა“,  – განაცხადა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით,  საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლების განულებისკენ.

„დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება. ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.

საქართველოს მთავრობის საქმიანობა, როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.