„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, მისი სოციალური სტრუქტურა, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. მხოლოდ გამართული სტრუქტურის საზოგადოებას შეუძლია, უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების მაქსიმალურად ეფექტიანად გადაჭრა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამას წარდგენისას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების მყარი სტრუქტურის არარსებობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რაც მას შიდა და, კიდევ უფრო მეტად – გარე საფრთხეების მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის.
„2004-2012 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების სტრუქტურის მოსაშლელად, ინტელიგენციის „ჩასარეცხად“, სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, რასაც მოჰყვა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც, დღემდე, საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული და სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას. სამოქალაქო საზოგადოება დაარქვეს ნიჭითა და კვალიფიკაციით ნაკლებად გამორჩეული ადამიანების რამდენიმე ჯგუფს, რაც ჩვენი საზოგადოების დეგრადაციისკენ მიმართული შეგნებული ნაბიჯი იყო. ეს ყველაფერი მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, შეასრულონ მისაბაძი მაგალითის როლი საზოგადოების ფართო ფენებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ ქმნიან ერთიან სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, მათ ვერ შეაქვთ სათანადო წვლილი საზოგადოების კონსოლიდაციაში საერთო ეროვნული მიზნების გარშემო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა მეტი რესურსის ინვესტირება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდების სტიმულირებაში.
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ პედაგოგებს, ექიმებს, ჩვენი საზოგადოების სხვა გამორჩეულ წარმომადგენლებს. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ეს არის ყველაზე სწორი გზა საქართველოში ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ“, – აღნიშნა კობახიძემ.