„მინდა შეგახსენოთ: ზუსტად ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი „ნაცმოძრაობას“ დამთავრებას ჰპირდებოდა, თუმცა, ძალიან მალე, მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა. ეს არის მისი პრინციპულობა, ეს არის თქვენი პრინციპულობა. გაქვთ სერიოზული პრობლემები, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ბელადის, ლიდერის თვალში დირეს ვერ პოულობთ. ეს არის ჩემი რჩევა თქვენ მიმართ“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის – ბექა ლილუაშვილის კითხვას, – შეუძლია თუ არა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დაასახელოს ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებს ნდობას.

„ცოტა გამიჭირდება ჩემს თავზე ვისაუბრო. მე ვახსენე, რაც გავაკეთეთ ჩვენს გუნდთან ერთად, კონკრეტულად, პარლამენტში. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს უამრავი რამ გაკეთებული და მე ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე, რითაც ვამაყობ. ეს არის უამრავი საქმე, რომელიც გაკეთდა, მათ შორის, ჩემი მონაწილეობით, თუმცა გამიჭირდება დეტალურად ჩემს თავზე საუბარი, – ეს, უბრალოდ, არ იქნება სწორი.
თქვენს ადგილას რომ ვიყო, იმ პარტიის წარმომადგენლისგან არ დავსვამდი კითხვას, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი „საგმირო საქმე“ აქვს ჩადენილი. მარტივად ჩამოვთვლი, რაც ამ კაცს აქვს გაკეთებული – “ბასიანი” (გასაგებია, რაზეც ვსაუბრობ), პანკისი – უმძიმესი ქმედებები, 20 ივნისის სროლა. აქ სროლაზე არ არის იმდენად საუბარი; აქამდე მივიდა საქმე იმ ქმედებების გამო, რომელიც ამას წინ უძღოდა. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რატომ დააყენეს სპეცრაზმი ჭიშკრის წინ, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ა.შ. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო და სწორად ემოქმედა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, როგორც მოგვიანებით მოქმედებდა ბატონი ვახტანგ გომელაური ანალოგიურ შემთხვევებში, საჭირო არ გახდებოდა სროლა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების მძიმედ დაზიანება. როცა ასეთი ადამიანი გყავთ ლიდერი, მე, თქვენს ადგილას, არც ერთ შეკითხვას არ დავსვამდი. ძალიან მძიმეა ამ ადამიანის წარსული. ასევე არ დავსვამდი კითხვას, როცა ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ოთხ მუნიციპალიტეტში “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიცია შექმნა. ეს თქვენი არჩევანია.

რატომ გაქვთ თქვენ 2% და რატომ გვაქვს ჩვენ, დაახლოებით, 60% რეიტინგი? – იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებდით საქმეებს. რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ პარტიას, თქვენ ყველა პრინციპს უღალატეთ, მათ შორის, ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში გაქვთ შექმნილი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პროგრამაზე უკვე აღვნიშნე, – შტაბის უფროსი ვიყავი და ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა ეს საარჩევნო პროგრამა, შესაბამისად, როდესაც გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი 2020 წელს, მან, რა თქმა უნდა, ისარგებლა ჩემი ხელმღვანელობით დაწერილი პროგრამით, თუმცა ეს იყო ლეგიტიმური პლაგიატი, შესაბამისად, არავითარი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.