პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა, „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა დეზინფორმაციის უარყოფით გავლენაზე და დაინტერესდა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება მის წინააღმდეგ.
„მინდა ყურადღება გავამახვილო დეზინფორმაციის საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლა პრიორიტეტულ საკითხთა შორის დასახელდა და მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაში სწორედ ეს არის პირველი პრიორიტეტი. თუმცა, გეგმაში წერია, რომ ეს ეხება ევროკავშირის შესახებ ფასეულობებისა და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლას. ხომ არ ფიქრობთ, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის უნდა იყოს? იმიტომ, რომ არაერთხელ ვიხილეთ დამაზიანებელი დეზინფორმაციული ნაკადები ქვეყნის შიგნით, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ცალკეულ პირებს – პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებსა და ა.შ. აზიანებს, საბოლოო ჯამში, ხელს უშლის ქვეყნის სწორად განვითარებას, პირველ რიგში კი, ეს აზიანებს ქართულ საზოგადოებას – მოსახლეობას, რომელიც ამ დეზინფორმაციული ნაკადების გამო სრულყოფილ ინფორმაციას ვერ იღებს.
მაგალითად, ვიხილეთ ელჩების უსაფუძვლო დემარშები, რომლებსაც საფუძვლად დეზინფორმაცია ედო. ასევე, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ ისტერიკა, რომელსაც საერთაშორისო დონის, გლობალური მასშტაბის დეზინფორმაცია ედო საფუძვლად და თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით ოპოზიციურ მედიაში მანიპულაციურ და მყვირალა სათაურებს, რომელთაც, საუკეთესო შემთხვევაში, შინაარსი არ აქვთ და, უმრავლეს შემთხვევაში, დეზინფორმაცია უდევს საფუძვლად.
გასაგებია, რომ ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა და ამ თვალსაზრისით მსოფლიო ტრენდს ვეთანხმებით – დეზინფორმაცია გლობალური გამოწვევაა და საქართველოც აწყდება ამ გამოწვევებს. ამ მიმართულებით თუ იგეგმება ნაბიჯების გადადგმა?“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ამ ეტაპზე გადაუჭრელია, რადგან ნებისმიერ კანონს, რომელიც დეზინფორმაციას დაარეგულირებს, ოპოზიცია აუცილებლად რუსულს დაარქმევს.
„დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჩვენი ქვეყნისა და ეროვნული ინტერესებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა. ხედავთ, რომ დეზინფორმაციის მასშტაბი და ხარისხი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია, თუმცა, მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება. არის ქვეყნები, სადაც ბალანსის დაცვას ახერხებენ გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას შორის – დაცულია ობიექტურობის პრინციპი, ამავდროულად, დაცულია გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, მერწმუნეთ, მსგავსი კანონი რომ აქ დავაინიციროთ, რომელიც მოქმედებს გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში, ოპოზიცია ამას აუცილებლად დაარქმევს რუსულ კანონს. იმიტომ, რომ სულ ორ რამეზე დგას ჩვენი რადიკალური ოპოზიცია: ერთი – ეს არის გაუმჭვირვალობა, და მეორე – სიცრუე და დეზინფორმაცია. ამიტომ, ნებისმიერ კანონპროექტს, რომელსაც ამ სფეროში დავაინიცირებთ (პირდაპირ ბრიტანული ან გერმანული კანონიც რომ დავაკოპიროთ), მათი მხრიდან მყისიერად რუსული დაერქმევა. ეს არის სამწუხარო რეალობა. დანარჩენზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.