პლატფორმა “სინამდვილეში”: „საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის” შეფასება ცალსახა მანიპულაციაა და მიზნად ისახავს საარჩევნო ცვლილების პროცესის დისკრედიტაციას“
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის პლატფორმა „სინამდვილეში“ საარჩევნო კოდექსში ცესკო-ს არჩევის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის” მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის” შეფასებით, საარჩევნო კოდექსში ცესკო-ს არჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ხელს უწყობს ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას.
სინამდვილეში, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასება ცალსახა მანიპულაციაა და მიზნად ისახავს საარჩევნო ცვლილების პროცესის დისკრედიტაციას.
„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ “ნაციონალური მოძრაობის” (თენგიზ თევზაძე), “ლელოსა” (გიორგი სიორიძე) და “სტრატეგია აღმაშენებლის” (ანა კობახიძე) ლიდერებისა და აქტივისტების ერთობლივად დაფუძნებული NGO-ა. საკუთარ ვებგვერდზე ეს ორგანიზაცია დონორების ვინაობას მალავს, თუმცა, მათი აქტივობიდან გამომდინარე, ჩნდება აღქმა, რომ ეს პარტიული NGO უცხოეთიდან ფინანსდება, რაც პარტიების მიერ უკანონო შემოწირულობის მიღების ერთ-ერთ სქემას წარმოადგენს“, – აღნიშნულია პლატფორმის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.