„ეს კრიზისი არც გუშინ დაწყებულა და ვერც ხვალ დამთავრდება, თუმცა თუ არასოდეს დავიწყებთ ზრუნვას, რა თქმა უნდა შედეგი ვერ დადგება,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე, ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიულ ფონსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას.
„დემოგრაფიაზე ჩვენ ვსაუბრობდით 2013 წლიდან და არა მხოლოდ ვსაუბრობდით – მივიღეთ „დემოკრატიული უსაფრთხოების დოკუმენტი“. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ეს იყო პრობლემა. თუმცა ვაშაძისთვის ბევრი რამ არის შავი ხვრელი, მაგალითად ონკოლოგიურ პაციენტებში დახარჯული თანხა. დემოგრაფიაზე საუბრობენ და სწორედ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, როცა მრავალშვილიანი დედის სტატუსი გააუქმეს. აბორტების მაჩვენებელი, მათ დროს იყო ოთხი ათასი აბორტი წელიწადში, ისიც რეგისტრირებული.
დღეს ეს მაჩვენებელი შემცირებულია 55%-ით და ტენდენცია არის დადებითი. იმედია, შემდეგ წლებში კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ეს ყოველივე კი ერთმნიშვნელოვნად დამსახურებაა პროგრამის მშობიარობის დაფინანსების შესახებ. ადამიანები იმაზე მეტი იხოცებიან, ვიდრე იბადებიანო. კი ასეა და რატომ ამასაც ცოდნა სჭირდება.
ერი არის დაბერების აქტიურ ფაზაში. მეორე მსოფლიო ომის შემდე 1961 წელს იყო ყველაზე მაღალი შობადობა, როდესაც 124 ათასი ახალშობილი გაჩნდა და სწორედ მაშინდელი დაბადებულები ახლა ხანდაზმულობის ასაკში შევიდნენ და რა თქმა უნდა ამ ასაკში მეტია სიკვდილიანობა. თითქოს პარტიული დანაშაული გახდა, როცა დაბალია ქვეყანაში შობადობა. თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი, რაც არის არასწორი. სინამდვილეში ეს არის დემოგრაფიული წარსულის ბრალი და ამას მეცნიერები ეძახიან გარდაუვალი შობადების რეჟიმს. მიზეზი კი ის არის, რომ 90-იან წლებში, როდესაც ისედაც დაბალი იყო შობადობა სხვადასხვა მიზეზის გამო, გოგონათა რაოდენობა შემცირდა. თუ იბადებოდა ათწლეულები 440- 450 ათასი გოგონა 90-იან წლებში დაიბადა 225 ათასი. ისინი ახლა შედიან დედობის ასაკში და რა თქმა უნდა, შობადობა ნაკლებია. ასე რომ, დემოგრაფია არ არის სასპეკულაციო საგანი, რომ მხოლოდ საარჩევნოდ გაგახსენდეს ბატონო ვაშაძე. ეს არის პოლიტიკების პოლიტიკა და ყოველივეს გრძელვადიანი პერსპექტივა სჭირდება. ეს კრიზისი არც გუშინ დაწყებულა და ვერც ხვალ დამთავრდება, თუმცა თუ არასოდეს დავიწყებთ ზრუნვას, რა თქმა უნდა შედეგი ვერ დადგება“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მანვე სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. „ბავშვთა სიღარიბე, რაზეც არაერთხელ ამიხსნია და მსმენია სპეკულაცია, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია, ქვეყანაში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ღმერთმა დაგვიფარა, რომ საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვა. აი მაშინ გენახათ ბავშვთა სიღარიბე და უბედურება, რომ ჩვენ ავყოლოდით დანილოვის მოთხოვნას და ქართველი დედები და ბავშვები აღმოჩენილიყვნენ უკრაინის ამ მძიმე ვითარებაში.
რაც შეეხება, მსოფლიო ბანკს და UNICEF-ის მონაცემებს, 2009 წელს ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 11,5 %-ი – ეს არის 77 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ეს არის ის მონაცემი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად სასპეკულაციოდ იყენებს და გვიბრუნებს აქეთ, თითქოს ეს ჩვენი პერიოდის შეფასება იყოს. ეს არის თქვენი ნამუშევარი, როცა ხელისუფლებაში იყავით, სწორედ მაშინ იყო 77 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. 2022 წლის მაჩვენებლით 50%-ით არის შემცირებული ბავშვთა სიღარიბე. ეს არის ციფრები, მაგრამ ეს არის რეალობა და რამ მოიტანა ეს – ბავშვთა სოციალურ პროგრამით დახმარება ნული იყო, საერთოდ არ არსებობდა. 2015 წელს იყო 10 ლარი, შემდეგ გაიზარდა 50 ლარით, შემდეგ გახდა 100 ლარი, შემდეგ 150 ლარი და დღეს არის 200 ლარი. ამას ღებულობს სამასი ათასზე მეტი ბავშვი და საერთო ჯამში ეს არის 500 მილიონზე მეტი. ასევე, ყოველ მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა მთაში უფრო გაზრდილია ოდენობით, ბავშვი ყოველთვიურად იღებს 200 ლარს, სანამ არ გახდება 2 წლის და ბარში ეს არის 150 ლარი,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღებაა გაამახვილა ასევე რეგიონებში საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ დამაიმადებელი შედეგები სახეზეა. „საბავშვო ბაღები გავხადეთ ხელმისაწვდომი. სხვათა შორის ბაღები საპრივატიზაციო სამიზნე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და კერძო სტრუქტურებში უნდა გადასულიყო. ჩვენ კი ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი ავაშენეთ რეგიონებში. რაიონი არ არსებობს, რომ მინიმუმ 4-5 ახალი საბავშვო ბაღი არ იყოს აშენებული. მხოლოდ ჩემს რაიონში 10 ახალი ბაღი ავაშენეთ და ამაზე მეტი გავარემონტეთ. ბავშვთა ბაღებში კვებაზე იხარჯება დაახლოებით 60 მილიონი. შეხედეთ ამ ციფრმა რა მოიტანა? ბატონ რომან გოცირიძეს, მხოლოდ ციფრი ჰგონია, არადა 60 მილიონი წელიწადში იხარჯება იმისათვის, რომ ბავშვებმა სიღარიბეში არ იცხოვრონ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.