პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ პია კაუმასთან ჩაწერილ ინტერვიუს ეხმაურება.
„მერამდენედ ვრწმუნდებით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოტანილი ვერდიქტი სრული სიმართლეა. ეს არის მხარე და არა ობიექტური, მიუკერძოებელი მედიასაშუალება. ეს არის სიცრუეზე, მიკერძოებასა და აგრესიულ დეზინფორმაციაზე აგებული “ჟურნალისტიკა”. ამის უკანასკნელი დასტურია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომლის მსვლელობისას “ჟურნალისტის” ერთადერთი ამოცანა იყო, სიტყვები – “ლეგიტიმაცია” და “არალეგიტიმური” გამოეძალა რესპონდენტისგან.
პია კაუმამ ამ “ჟურნალისტურ” ძალადობას ღირსეულად გაუძლო. მისი ძირითადი გზავნილები იყო: ვიზიტს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის უნდა მიეღწია; პია კაუმას ამ მცდელობაში მხოლოდ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაეკავებინა; შეხვედრები იგეგმებოდა მთავრობასთან, ოპოზიციასთან და “მესამე სექტორთან”. აქედან, მხოლოდ მთავრობამ გამოთქვა სურვილი ამ ფორმატის გათვალისწინებაზე.
პია კაუმას ინფორმაციით, ოპოზიციამ და “მესამე სექტორმა”, პირიქით, ყველაფერი გააკეთეს ამ ფორმატის ჩამოსაშლელად – მიდიოდა წერილებით და განცხადებებით პროცესის წინასწარი “ბულინგისა” და ჩამოშლის ორკესტრირებული მცდელობა. ყველაფერი კეთდებოდა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა “მხარედ” წარმოეჩინათ და ამ “მხარეს” ორგანიზაციის წესდებასა და სულისკვეთებასთან საერთო არაფერი უნდა ჰქონოდა.
საოცარი მოთმინებითა და დიპლომატიურობით იგერიებდა პია კაუმა “ჟურნალისტურ” თავხედობებს და ცდილობდა ანბანური ჭეშმარიტების ახსნას: ვერც ერთი გარედან ზეწოლა თუ ჩარევა ვერ იქნება ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის საარჩევნო გადაწყვეტილების შემფასებელი თუ განმსაზღვრელი. მით უმეტეს – ეს არადემოკრატიული მისია ეუთო-ს მანდატში ვერანაირად ვერ ჯდება.
როგორც კი გამოაშკარავდა, რომ პია კაუმას ვიზიტს ოპოზიცია და “მესამე სექტორი” თავისი ბინძური თამაშების ნაწილად აქცევდნენ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს ვიზიტი გადადებულიყო.
თუმცა, არსებული ქართული ოპოზიციის თუ “მესამე სექტორის” შემთხვევაში, ტერმინი “გადადება” აზრს მოკლებულია. ამ “ჯადო-ვუდუ-ნეანდერტელელების” პირობებში, დასავლური დემოკრატიის საკუთარ ბინძურ თამაშებში გამოყენების სურვილი არსად არ გაქრება. ამ გაკოტრებულ “საროსკიპოში”, ავეჯის გადაადგილებასთან რაიმე პოზიტიურ მოლოდინს არანაირი აზრი არა აქვს. ქვეყანა გადაღლილია პოლიტიკაში ამ გაცვეთილი და “ბებერი როსკიპებით”, მას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი, რომლის გამოჩენას წლებია, უშედეგოდ ელოდება ჩვენი საზოგადოება“, – წერს ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.