ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა: „2004-2012 წლებში სიღარიბის დასაძლევად, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა“

„არსებობს ასეთი მონაცემი – „აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი“. 2004 წელს აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა ყოველი მესამე ადამიანი, ანუ 34%. 2012 წელსაც 30%-ზე მაღალი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ, პრაქტიკულად, ყოველი მესამე იყო აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2004-2012 წლების საშუალო მაჩვენებელიც არის 35,8% – უფრო მაღალი, ვიდრე 2004 წლის მაჩვენებელი. დღეისათვის ეს არის 15,6%, ანუ ყოველი მეექვსე-მეშვიდე ადამიანი არის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საზრუნავია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

მან ასევე ისაუბრა დასაქმებასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე და აღნიშნა: “საქართველო მოხვდა იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც 10 წელიწადში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა. 21-ე საუკუნეში, 2012 წლამდე საქართველო გავიდა პირველ ადგილზე იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით გაიზარდა უმუშევრობა“.

სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც სიღარიბესა და ქვეყნის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, მსოფლიო ბანკის მონაცემებს ახსნებს. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს და აცხადებს, რომ ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ამჯერად უკვე ციფრებით ცდილობს.