„2024 წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალსა და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც, ჯამურად, ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ-ში, პორტუგალიაში, ფინეთში, დანიაში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, იაპონიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, უნგრეთში, კორეის რესპუბლიკაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ლატვიაში.
„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.
2024 წელს ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის. ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე; უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ, ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.