„ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, იქნებ, ესეც გაუკვირდეს, – ბატონმა თენგიზმა [შარმანაშვილმა] თქვა, რომ გაკვირვება გამოხატა, – როგორ შეიძლება, თურმე, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტსაბჭოს წევრიაო. ქალბატონო ანა, თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც. ამ ნონსენსში ვართ“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის – ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები და რომ ეს პრობლემაა.
„არ ვიცი, რით შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ გვიწევს ამაზე რეაგირება და პასუხის გაცემა, რომ, თურმე, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი არიან პოლიტსაბჭოს წევრები. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მძიმე დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.