თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.