“ეს ნიშნავს იმას, რაც აქამდე ისედაც გულში ედოთ და საჯაროდ არ ამბობდნენ ხოლმე – სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, ზეწოლა უნდა მოახდინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.

„რაიმე ცუდი კი არ არის აშშ-ის რაიმე ინტერესში, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი. როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია. ანუ, შეგიძლიათ, პირდაპირ აიღოთ „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, თუ ჰქონდა რამე, გადახაზოთ ყველაფერი და დააწეროთ: „ჩვენი ამოცანა იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა საქართველოში“ – აი, ეს არის მათი ამოცანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.